მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.
საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და აღიარება იმისა, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიმსახურეთ საერთაშორისო ექსპერტების ნდობა, აღიარება. შესაბამისად, ფრირაიდის მსოფლიო ტურსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ, ისე, როგორც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით“ - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ, ქ. ანესში გამართულ ღონისძიებაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტულ ბრენდის გაძლიერებისთვის.
„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები, ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.