სვანეთში მოგზაურობა ერთი დიდი ზღაპრული თავგადასავალია. კავკასიონის უმაღლესი და ულამაზესი მწვერვალები, ჩანჩქერები, ტბები და კულტურული ძეგლები. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ სვანეთში მხოლოდ ამ ყველაფრის სანახავად არ მიდიხართ. ყველა მოგზაურობის განუყრელი ნაწილი კი ადგილობრივი სამზარეულო და კერძებია. ამ მხრივ სვანეთი ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია, რადგან მისი სამზარეულო მდიდარია როგორც ვეგეტარიანული ასევე არა ვეგეტარიანული კერძებით. ამ სტატიაში კი რამოდენიმე აუცილებლად გასასინჯ კერძს შემოგთავაზებთ, რომლებსაც სვანეთის ყველა კაფესა თუ რესტორანში შეძლებთ დააგემოვნოთ.
ალბათ სვანეთის გახსენებაზე პირველი კერძი რაც შეიძლება მოგვაფიქრდეს არის კუბდარი. და თქვენ მართალიც იქნებით! კუბდარი ყველაზე ცნობილი და ალბათ ყველაზე გემრიელი სვანური კერძია. კუბდარს ძირითადად საქონლის ხორცისგან ამზადებენ. ხორცს ჭრიან წვრილად, შეაზავებენ ხახვით, ნივრით, მწვანილებითა და რათქმაუნდა სვანური მარილით. ხორცის ამ გულსართს ცომში მოახვევენ და ტაფაზე გამოაცხობენ. კუბდრის დაგემოვნების გარეშე სვანეთიდან არ უნდა დაბრუნდეთ რათქმაუნდა!
შემდეგი კერძი, რაც სვანეთში ყოფნისას უნდა გასინჯოთ არის ჭვიშტარი. ჭვიშტარი სვანური სამზარეულოს ერთ-ერთი სიამაყეა. ჭვიშტარს სიმინდის ფქვილისა და ყველისგან ამზადებენ. ყველს სიმინდის ფქვილში ჩააფხვნიან და ჭადივით მოზელენ. პატარა გუნდებს გააკეთებენ და აცხობენ. თუ ჭადი და ყველი გიყვართ, მაშინ ეს კერძი ნამდვილად თქვენთვისაა.
სვანეთში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ თაშმიჯაბი. თაშმიჯაბი კეთდება ყველისა და კარტოფილისგან. მოხარშულ კარტოფილს დაჭყლეტენ და შემდეგ მას ყველს უმატებენ. მას ტოვებენ ღუმელზე და ურევენ მანამ, სანამ ყველი არ გადნება და კარტოფილთან ერთიან მასას არ შექმნის. თაშმიჯაბი ელარჯივით წელვადი და საოცრად გემრიელი კერძია.
სტატიას ისე როგორ დავასრულებთ, რომ არ ვახსენოთ ფეტვიანი ხაჭაპური ანუ ფეტვრაალი. სახაჭაპურედ დაჭყლეტილ ყველს დააყრიან ფეტვს, მოაგუნდავებენ როგორც ხაჭაპურის გუნდას და გამოაცხობენ ცომში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ფეტვრაალი არ ცხვება ორივე მხარეს, დანარჩენი ფქვილოვანი ნაწარმი კი ყველა ორივ მხრივ სცხვება.
სვანურ სამზარეულოზე საუბრისას სვანური მარილი არ უნდა გამოგვრჩეს. სვანურ მარილს სვანეთის სხვადასხვა თემში სხვადასხვანაირად ამზადებენ. სვანები, სვანურ მარილს დღესაც აქტიურად იყენებენ, როგორც მთავარ კერძებში ასევე სალათებში. სვანური მარილი დიდი პოპულარობით სარგებლიბს არა მხოლოდ სვანეთში არამედ მთელს საქართველოში.
სვანურ კერძებსა და სამზარეულოზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა წაკითხულს, გასინჯული ჯობია!