უშბას სვანეთის მწვერვალებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. უშბა გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მწვერვალებს შორისაც. იგი მსოფლიოს 100 ყველაზე რთულად ასასვლელ მწვერვალებს შორისაა და კავკასიაში ყველაზე ძნელად დასალაშქრ მწვერვალად ითვლება.
უშბა სვანებისთვის გამორჩეული მწვერვალია. მასზე არაერთი ლეგენდა თუ თქმულება არსებობს. განსაკუთრებით პოპულარული კი უშბისა და თეთნულდის სიყვარულის ამბავია. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ უშბა ღარიბი ოჯახიდან იყო და შეჰყვარებია მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, სახელად თეთნულდი. თეთნულდსაც უყვარდა უშბა. ეს ამბავი თეთნულდის ოჯახმა რომ გაიგო, თეთნულდს უშბასთან ურთიერთობა აუკრძალეს. თეთნულდი გამოწყობილა საპატარძლო კაბაში და ღმერთისთვის უთხოვია: „ღმერთო რაკი მე და უშბას ერთად ყოფნა არ გვიწერია, ისე მაინც გაგვაქვავე, რომ ერთმანეთის ყურებაში ხელი არავინ შეგვიშალოსო.“ მას შემდეგ უშბა და თეთნულდი, კავკასიონის ქედზე ისე დგანან, თითქოს ერთურთს უმზერენ.
უშბას ორი მწვერვალი აქვს: სამხრეთ და ჩრდილოეთ უშბა. სამხრეთ უშბის სიმაღლეა 4700 მეტრი, ხოლო ჩრდილოეთ უშბა 4690 მეტრია. ჩრდილოეთ უშბაზე პირველი წარმატებული ასვლა ინგლისელ ალპინისტებს ჯონ კოკინსს და ულრიხ ალმერს ეკუთვნით 1888 წელს. 1934 წელს უშბაზე პირველი ქართული ჯგუფი ავიდა და-ძმა ალექსანდრა და ალექსანდრე ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბაზე ფეხი დადგა.
უშბაზე მას შემდეგ არაერთი წარმატებული თუ ტრაგიკული ექსპედიცია მოეწყო. ყველაზე ტრაგიკული ექსპედიცია კი 1984 წელს იყო, როდესაც უშბის მწვერვალზე, ზვავმა დაიტანა 6 ქართველი ალპინისტი. მათ დღეს „უშბის ბიჭების“ სახელით ვიცნობთ.
მიუხედავად ყველაფრისა უშბაზე ამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ქართველ ასევე უცხოელ ალპინისტებში. უშბაზე ასასვლელად ფიზიკური მომზადება გამოცდილებაა საჭირო. უშბაზე ასასვლელად აუცილებელია გყავდეთ სამთო გამყოლი, რომელიც თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს.
ასვლისთვის საუკეთესო პერიოდი:
უშბას ჩრდილოეთ მარშრუტზე ასვლის იდეალური პერიოდი ივლის-სექტემბერია. თუმცა უშბის მიკროკლიმატი მას სხვა მთებისგან განასხვავებს და ამ პერიოდშიც ხშირია უამონდობა, რაც მთაზე ასვლას ართულებს.
გამოცდილება:
ჩრდილოეთ უშბაზე ასასვლელი კლასიკური მარშრუტი არის ტექნიკური. საჭიროა გქონდეთ გამოცდილება ალპურ თოვლსა და ყინულზე ცოცვის. ჩრდილოეთ უშბაზე ასასვლელად უნდა შეგეძლოთ 60 გრადუსიანი დახრილობის ყინულზე ცოცვა. გარდა ამისა, მწვერვალზე ასვლამდე უნდა იყოთ აკლიმატიზირებული. ამისთვის შეგიძლიათ ახვიდეთ თეთნულდზე ან მწვერვალ ლაილაზე.
საჭირო აღჭურვილობა:
იქიდან გამომდინარე, რომ უშბის ბილიკზე არ არის ალპინისტური თავშესაფარი, ღამისთევა მოგიწევთ კარვებში. თან უნდა იქონიოთ კარავი, საგებელი, თბილი საძილე ტომარა, ჩაფხური, წერაყინი, წრიაპები, თბილი ტანსაცმელი და ა.შ.
უშბაზე ასასვლელად და მარშრუტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია სამთო გამყოლთან კონსულტაცია.