სვანეთში მოგზაურობას თუ დაგეგმავთ, მხოლოდ მესტიითა და უშგულით არ უნდა შემოიფარგლოთ. შუაგულ სვანეთში ულამაზესი სოფელი წვირმი იმალება თავისი საოცრად მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ისტორიით.

წვირმი მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1835 მეტრზე. წვირმი განსაკუთრებულად საინტერესო სოფელია პილიგრიმებისთვისა და ჩვეულებრივი მოგზაურებისთვის, რადგანაც სწორედ ამ სოფელშია ოთხი უძველესი ეკლესია, რომელსაც წვირმელები ათასი წელია უფრთხილდებიან.

წვირმიში ყველაზე ძველი ეკლესია „წვირმის მაცხოვრის ტაძარია“. ტაძარი X საუკუნით თარიღდება. იგი დარბაზული ნაგებობაა. განსაკუთრებულს მას კოშკისებრი სამრეკლო ხდის. ტაძრის ფრესკები XII საუკუნით თარიღდება. წვირმის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია XI-XII საუკუნეების მნიშვნელოვანი ფერწერული და ჭედური ხატები, მაღალმხატვრული გაფორმებით განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას საკურთხევლის წინ მდებარე ჯვარი.

წვირმიში თქვენ ნახავთ XII საუკუნის „წვირმის წმინდა გიორგის ტაძარს“. ტაძარს ამშვენებს მეთორმეტე საუკუნის ფრესკები. აღსანიშნავია რომ, საკურთხეველი დარბაზისგან ქვასა და ხეში შესრულებული კანკელითაა გამოყოფილი.

აღსანიშნავია წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია ნაკა თარინგზელი. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარში XII საუკუნის მხატვრობაა. აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ ღერძზე სადა, სრულიად მოურთველი სარკმელია, რომელიც ორი მაღალი, სამკუთხა ნიშით არის ფლანკირებული. ნიშები დეკორირებულია სიღრმეში მოთავსებული კონის ფორმის ბაზისებზე დაყრდნობილი მსხვილი ლილვებით. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. საფასადო ნიშები სვანეთში მხოლოდ ნეკა თარინგზელის ტაძარში გვხვდება.

წვირმიში თუ იქნებით აუცილებლად მოინახულეთ წმ. ბარბარეს ეკლესია. წმ. ბარბარეს ეკლესია შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზისგან ქვის კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია ნახევრად დამუშავებული ნატეხი ქვითა და ფიქალით, მოპირკეთებულია სუფთად თლილი შირიმის ფილებით. მინაშენი ფიქალის მშრალი წყობითაა ამოყვანილი, კარ-სარკმლის წირთხლებზე კი გამოყენებულია შირიმი.

წვირმის შესასვლელში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას შენიშნავთ. ეკლესიის მშენებლობა 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. მისი მშენებლობა 3 წელს გაგრძელდა და 2018 წელს ტაძარი ეკურთხა და გაიხსნა.

წვირმიდან ულამაზესი ხედები იშლება მწვერვალ თეთნულდსა და ახლოს მდებარე სოფლებზე. ასე რომ თუ უშგულში წასვლას დააპირებთ, გზად წვირმისკენ გადასახვევი ნიშნული არ გამოგრჩეთ!

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review