მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
სვანეთი, როგორც ბუნებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობით, და ამ ორი მოცემულობის ჰარმონიული სინთეზით, საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი კუთხეა. კავკასიის მთიანეთში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ადგილი უჭირავს სვანურ საცხოვრებელ არქიტექტურას, იგი ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია. სვანეთის სოფლები, შეჯგუფებულად განლაგებული კოშკებითა და საცხოვრებელი სახლებით, ერთიანი ხუროთმოძღვრული ანსამლის სახეს იღებს. სვანური საცხოვრებელი კომპლექსები სოციალურ, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და თავდაცვით ფუნქციებთან ერთად საკულტო დატვირთვასაც ითავსებს. საცხოვრისში მრავალი მნიშვნელოვანი რიტუალი ტარდებოდა.
სვანეთი ზემო (მესტიის რაიონი) და ქვემო (ლენტეხის რაიონი) სვანეთად იყოფა, თავის მხრივ ზემო სვანეთიც ორ ნაწილს მოიცავს: ბალსზემო სვანეთი (იგივე თავისუფალი, უბატონო სვანეთი) და ბალსქვემო სვანეთი (სადადეშქელიანო). ბალსზემო სვანეთში გვხვდება საცხოვრებლის ორი სახეობა — მურყვამიანი სახლი და ციხე-სახლი. ბალსქვემო სვანეთში გვხვდება ოთხი ტიპის საცხოვრისი: მურყვამიანი სახლი (ისეთივე, როგორიც ბალსზემო სვანეთში), სვანირიანი სახლი, სანცხვირიანი სახლი და სახლი თავდაცვითი ელემენტების გარეშე.
მურყვამიანი ანუ კოშკიანი სახლი სვანური საცხოვრებლის ყველაზე განვითარებულ სახედ მიიჩნევა. იგი შედგება ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანიც) საცხოვრებელი სახლისგან — მაჩვიბ-დარბაზისგან, მის გვერდით მდგარი კოშკისგან (სვან. მურყვამ) და გალავანშემოვლებული ეზოსგან, რომელიც კალოსა და ფარდულებსაც მოიცავს. საცხოვრებლის ამ ტიპში, განსხვავებით ციხე-სახლისგან, საყოფაცხოვრებო და სათავდაცვო ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისგან და თავდაცვის ფუნქცია მთლიანად სახლის გვერდით მდგარ კოშკს ეკისრება. კოშკი მურყვამიანი სახლის ხუროთმოძღვრულ ანსამბლებში მხატვრული თვალსაზრისით დომინანტია. სვანური კოშკების უმეტესობა XI-XII საუკუნეების ფარგლებშია აგებული, თუმცა არის უფრო ადრეულიც (IX საუკუნის კოშკი უშგულის თემში). როგორც წესი, სახლსა და კოშკს შორის მცირე მანძილია, თუმცა არის სახლზე მიბჯენილი კოშკის მაგალითებიც. გავრცელებულია 4-5 სართულიანი კოშკები, იშვიათია 6 სართულიანი. მათი სიმაღლე 25-30 მეტრს აღწევს. თავდაცვითი მიზნით, კოშკის შესასვლელი დაახლოებით 5-6 მესტრის სიმაღლეზე კეთდებოდა. კოშკების ქვედა ნაწილი შიგნიდან მთლიანად მიწითაა ამოვსებული, პირველი სართული კი 5-7 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი. ყველა სვანური კოშკი გეგმით სწორკუთხაა და უმეტესწილად ზემოთკენ ვიწროვდება. სართულშუა გადახურვები გვხვდება, როგორც ქვისა, ასევე ხის მორებისა. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვებში გაჭრილი ხვრელებითა და მისადგმელი კიბეებით უკავშირდება. კოშკების იატაკში ჩატანებულია ქვევრები წყლის მარაგისთვის, სხვა კეთილმოწყობა სვანურ კოშკებს არ გააჩნიათ. განსაკუთრებულად სახასიათო და საინტერესო სვანური კოშკის ბოლო სართულია, რომელსაც ასრულებს გარეთ გაწეული, თაღოვანი, კედლებზე გადმომჯდარი გვირგვინი. თაღოვან გვირგვინშია მოწყობილი ამბრაზურები, რომლებიც თაღების კედლიდან გადმოწეულობის წყალობით მაშიკულების ფუნქციასაც ითავსებდა და ლოდების გადმოყრისა ან ფისის გადმოსხმის საშუალებასაც იძლეოდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული გვირგვინი მთავარი სათავდაცვო ელემენტია, მხატვრულადაც ის არის კოშკის უმთავრესი ნაწილი. ხალხური საერო მშენებლობის ტრადიციამ და კოშკების დამაგვირგვინებელმა თაღებმა გავლენა მოახდინა სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების დეკორზეც. ამის კარგი მაგალითია თუნდაც ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის დასავლეთ ფასადის დეკორატიული თაღედი.
Please login to add a review