სკალდის მთავარანგელოზების ტაძარი სოფელ ფაყის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე სკალდის მთაზე დგას. ადგილობრივების გადმოცემით სკალდის ტაძარი X-XI საუკუნეებში აშენდა, თუმცა მისი პირვანდელი სახე არ არის შემორჩენილი და თითქმის წაშლილია. სკალდიში სამონასტრო ცხოვრება 2013 წელს აღდგა.. ტაძარში მოილოცავთ მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის ხატებსა და ხატს მაცხოვრის გამოსახულებით. ისინი სკლადის სალოცავის მთავარი სიწმინდეებია.
ლეგენდა სკალდის სალოცავის აგებაზე
ქვემო სვანეთში სკალდის ეკლესიასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ადრე მთავარანგელოზის ეკლესია ჭურიაშად სახელდებულ ადგილას ყოფილა აგებული. ერთხელაც მთავარანგელოზმა ეს ეკლესია მიატოვა და გაფრინდა. ამის შესახებ მოსახლეობას ეკლესიის მნათემ აუწყა. მას სიზმარში უნახავს, რომ ცა გაიხსნა: ეკლესიას გუმბათი აეხსნა და იქიდან თეთრ სამოსში შემოსილი მთავარანგელოზი გაფრინდა. ეკლესიის ხატი მისი მფარველი ანგელოზის გარეშე დარჩა. ხალხმა გადაწყვიტა მისი მოძებნა. მოიყვანეს უხედნელი ორი ხარი, დაადეს უღელი, გამოუბეს მარხილი და ხატი მასზე დააბრძანეს. შემდეგ, გაუშვეს უღელდადგმული ხარები თავის ნებაზე. მათ გეზი მთის მწვერვალისკენ აიღეს, გადაუარეს ტყეს. ბოლოს ხარები ავიდნენ მთის წვერზე, სადაც მათ გული გაუსკდათ და მოკვდნენ. ხალხმა ეს იმის ნიშნად მიიღო რომ მთავაანგელოზი სწორედ აქ იყო, და გადაწყვიტა ამ ადგილზე ეკლესიის აგება. ისინი მწვერვალიდან მდინარემდე ჩამწკრივდნენ და ხელი-ხელ გადაწოდებით აიტანეს ასაშენებელი ქვები. ასე აშენდა სკალდის ცნობილი ეკლესია. აქვე დააბრძანეს მთავარანგელოზის ხატი.
არქიტექტურა
სკალდის ეკლესიიდან შესანიშნავი ხედები იშლება. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. ძველი ეკლესიის ორნამენტული ქვები ეკლესიის ბაქანზეა დაწყობილი. საკურთხეველი გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფასადები მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები დეკორირებულია თაღედებით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. კარიბჭის თავზე რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. ტაძრის დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლოა, ორივე სართული ოთხი მხრით თაღებითაა გახსნილი. პირველი სართული ტაძრის ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს, მეორე სართულზე კი სამრეკლოა მოწყობილი. ეკლესია და სამრეკლო ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე დგას.
ტაძრის დღესასწაული 21 ნოემბერს აღინიშნება. სვანეთში ყოველწლიურად სკალდობასაც აღნიშნავენ. დღესასწაული აღდგომის ყოველ მეშვიდე კვირას ტარდება და ქრისტიანულ სულთმოფენობას ემთხვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სალოცავზე ქალების ასვლა აკრძალულია!