მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
ადიში პატარა სოფელია, რომელიც მესტიის მუნციპალიტეტში ზღვის დონიდან 2040 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და გამოირჩევა მდიდარი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში კი მისი როლი დიდია. ადიშში მოხვედრა მესტიიდან 31 კმ-ში შეგიძლიათ.
რა უნდა ვნახოთ ადიშში? სვანური კოშკების გარდა, სოფელში შუა საუკუნეების შიდა და გარე მოხატულობით ცნობილი დარბაზული ტიპის ოთხი ეკლესიაა, რომლის მონახულებასაც შეძლებთ. ესენია: X-XI საუკუნეებით დათარიღებულ მაცხოვრის აღდგომის ეკლესია. აქ მაღალი ოსტატობით შესრულებული XII საუკუნის მხატვრობაა შემორჩენილი; XI-XII საუკუნეებში აგებულ წმ. გიორგის ორი ტაძარი, სადაც წმინდანის ცხოვრების ეპიზოდების ამსახველ მხატვრობას დაათვალიერებთ; მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება და უძველესი ფრესკებითაა მოხატული.
ადიშის ოთხთავი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. შატბერდის მონასტერში გადაწერილი ადიშის ოთხთავი ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.
ადიშის ტაძრების კედლის მხატვრობაში კარგად არის ასახული შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის, სვანური ფერწერის დამახასიათებელი ნიშნები.
აგვისტოში ლიჩაანიშის ადგილობრივი დღესასწაული წმინდა გიორგის სახელობის პატარა ბაზილიკაში იმართება. სვანები ჭოკების ქნევით შესთხოვენ ღმერთს ძეობას, გვარის გამგრძელებელს საკუთარი თავისთვის ან ახლობლისთვის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ეს ეკლესია სასწაულმოქმედი ადგილია.
ამავე სოფელშია ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა ადიშის მყინვარი.
Please login to add a review