თეთნულდი, სვანეთში მდებარე მწვერვალებიდან, ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია. იგი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს და მისი სიმაღლე 4858 მეტრია. მწვერვალი თეთნულდის სხვადასხვა სირთულის მარშრუტები მრავალ, დამწყებ თუ პროფესიონალ ალპინისტს იზიდავს. თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც კლასიკური მარშრუტია.

როდის არის საუკეთესო დრო მწვერვალზე ასასვლელად?

მწვერვალ თეთნულდზე ასასვლელად იდეალური პერიოდია ივლისი-სექტემბერი. ამ პერიოდში ამინდი შედარებით სტაბილური და თბილია. ასევე ამ დროს აღარ არის დიდი თოვლი ბილიკზე და ნაპრალებიც სრულად ჩანს, რაც უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მარშრუტის აღწერა

თეთნულდის კლასიკური მარშრუტი 5 დღიანია და კარგ ფიზიკურ თუ მორალურ მომზადებას მოითხოვს. გაითვალისწინეთ რომ მარშრუტი ალპინისტურია და თან უნდა გახლდეთ პროფესიონალი გიდი, რომელიც ნამყოფია თეთნულდზე და თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. დაგჭირდებათ ალპინისტური აღჭურვილობა, როგორიცაა გამაშები, წრიაპები, წერაყინი, კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები და ა.შ.

დღე 1

ლაშქრობას თეთნულდის სათხილამურო კურორტის საბაგიროებიდან იწყებთ, რომელიც ზ.დ 3000 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს. საბაზო ბანაკამდე ლაშქრობას დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება, თუმცა ლაშქრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი სიარულის ტემპსა და მარშრუტის მდგომარეობაზე. საბაზო ბანაკი მდებარეობს ზ.დ 3700 მეტრზე. ღამე რჩებით საბაზო ბანაკში კარავში.

დღე 2

ეს დღე აკლიმატიზაციას ეთმობა. ბანაკში გაღვიძებისა და საუზმის შემდეგ ადიხართ 4000-4200 მეტრზე, სადაც თქვენი გიდი აგიხსნთ მთაზე მოქცევისა და უსაფრთხოების წესებს. კიდევ ერთხელ შეამოწმებს თქვენს აღჭურვილობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას. აგიხსნით უსაფრთხოების ტექნიკას, გასწავლით როგორ უნდა გამოიყენოთ წერაყინი. ივარჯიშებთ ყინულზე სიარულსა და დაცურების შემთხვევაში მოქმედებაზე. ეს ყველა პროცედურა თქვენი მწვერვალზე უსაფრთხოდ ასვლისთვისაა საჭირო. ვარჯიშის შემდეგ დაბრუნდებით საბაზო ბანაკში, ივახშმებთ, გაამზადებთ აღჭურვილობას და დაისვენებთ/დაიძინებთ მწვერვალზე გასვლამდე.

დღე 3

მწვერვალზე გასასვლელად მოგიწევთ ღამის 2 საათისთვის გაღვიძება (თუმა ეს დრო დამოკიდებულია თქვენს გიდზე). ისაუზმებთ და გაემართებით მწვერვალისკენ. რადგანაც ამ დროს ჯერ ისევ ღამე და ბნელა, მოგიწევთ ფანრებით ლაშქრობა. 4300 მეტრ სიმაღლემდე ასასვლელი ბილიკი არ არის ძლიერი აღმართი, თუმცა სიმაღლის აწევასთან ერთად აღმართის დახრილობაც იზრდება. გაითვალისწინეთ რომ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე რამოდენიმე ნაპრალის გადაკვეთა გიწევთ, რის შემდეგაც მარშრუტი ბევრად უფრო ტექნიკური ხდება და სადაც ძალიან ყურადღებით მოგიწევთ სიარული. თეთნულდისკენ მიმავალი ბილიკიდან შეძლებტ დატკბეთ ულამაზესი ედებით უშბასა და იალბუზზე. მწვერვალს 7-8 საათის სიარული შემდეგ მიაღწევთ, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება კავკასიონსა და სვანეთზე. მწვერვალზე ფოტოების გადაღებისა და მცირე შესვენების შემდეგ კი საბაზო ბანაკში დაეშვებით. საბაზო ბანაკამდე მისასვლელად 4-5 საათი დაგჭირდებათ.

დღე 4

ეს დღე არის დამატებითი დღე, იმ შემთხვევისთვის თუ ცუდი ამინდი იყო და მწვერვალზე მესამე დღეს ვერ გახვედით.

დღე 5

საუზმის შემდეგ აშლით ბანაკს და დაეშვებით სათხილამურო კურორტ თეთნულდისკენ რაშიც დაგჭირდებათ 4-5 საათი.

მწვერვალი თეთნულდი საოცარ მოგონებებსა და ემოციებს გაჩუქებთ, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები. არ წახვიდეთ მწვერვალზე მარტო, ან ჯგუფთან ერთად, რომელსაც არ ჰყავს გამოცდილი გიდი!

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review