მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია, მისი სიმაღლე 5203 მეტრია. სწორედ შხარას ძირში მდებარეობს ულამაზესი სოფელი უშგული, საიდანაც მწვერვალ შხარაზე თვალწარმტაცი ხედები იშლება.
შხარასთან უფრო ახლოს მისვლა და მისი დიდებული მყინვარებით ტკბობა კი სწორედ ამ მარტივი სალაშქრო მარშრუტით შეგიძლიათ.
საფეხმავლო ბილიკი უშგული-შხარას მყინვარი-უშგული მარტივი სირთულისაა. მისი ჯამური სიგრძე 16 კილომეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ბილიკი მარტივია, ფეხზე უნდა გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი. თან იქონიეთ საწვიმარი, რადგანაც მთაში ამინდი უეცრად იცვლება და შესაძლოა მზიან დღესაც კი მოულოდნელად გაწვიმდეს.
ბილიკი სოფელი უშგულიდან იწყება და სამანქანო გზას მიუყვება მდინარე ენგურის გასწვრივ. შემდეგ ხეობა ჩრდილო-აღმოსავლეთით უხვევს საიდანაც უკვე უნდა დაინახოთ შხარის მყინვარი. გაითვალისწინეთ, რომ გზად რამოდენიმე ნაკადულის გადაკვეთა მოგიწევთ.
სამანქანო გზის დასასრულს პატარა კაფე ფუნქციონირებს სადაც შეგიძლიათ შეისვენოთ და აღიდგინოთ ძალები სანამ ლაშქრობას განაგრძობთ. კაფიდან 500 მეტრში მთავარი გზიდან მარჯვნივ არამარკირებული ბილიკი იწყება, რომელიც სერპანტინით მთას მიუყვება. პატარა ტყის გავლის შემდეგ გახვალთ შხარის მყინვარის ძირში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მყინვართან ახლოს არ მიხვიდეთ ქვათაცვენისა და ყინულების დნობის საშიშროების გამო.
ფოტოების გადაღებისა და დათვალიერების შემდეგ იგივე გზით დაბრუნდებით უკან სოფელ უშგულში.
Please login to add a review