სვანეთი მდიდარია არა მხოლოდ კულტურული ძეგლებით, არამედ სალაშქრო ბილიკებითაც. სვანეთში საფეხმავლო ტურიზმი დღითიდღე პოპულარული ხდება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების განვითარებას.
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მოგზაურებსა და მოლააშქრეების საყვარელი სალაშქრო ბილიკი მესტია-უშგულის მიმართულებაა. ბილიკი მოგზაურებს ულამაზეს ხედებს, ისტორიულ სოფლებსა და ხელუხლებელ ბუნებას სთავაზობს. ბილიკი უამრავ საინტერესო ადგილს გაივლის, მათ შორისაა მულახის თემი, ადიში, მყინვარი ხალდე, გადაივლის ჩხუნდერის უღელტეხილს და მდინარე ენგურთან ერთად დაეშვება უშგულში. ბილიკი არის საშუალო სირთულის, მისი სიგრძე 50 კილომეტრია და მის გასავლელად საშუალოდ საჭიროა 4 დღე.
1 დღე: მესტია-ჟაბეში
სალაშქრო მარშრუტი იწყება მესტიაშ, ეთნოგრაფიულ მუზეუმთან და მიემართება მულახის თემისკენ. მარშრუტი მდინარე წანერის და მესტიაჭალას გამყოფ ქედს მიუყვება. ქედიდან თქვენ ულამაზესი ხედები გეშლებათ მდინარე წანერის ხეობაზე, სადაც მულახის თემი მდებარეობს. მულახის თემში ჩასვლისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ სოფლები და აქ მდებარე ღირსშესანიშნაობები. ღამისთევას კი შეძლებთ სოფელ ჟაბეშში. ღამისთევა შეგიძლიათ როგორც კარავში, ასევე ადგილზე არსებულ საოჯახო სასტუმროებში. საოჯახო სასტუმროს შემთხვევაში, აუცილებელია ჯავშნის წინასწარ გაკეთება, რადგანაც ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბილიკზე უამრავი ადამიანი მოძრაობს და საოჯახო სასტუმროები ხშირად დაკავებულია.
2 დღე: ჟაბეში-თეთნულდი-ადიში
მეორე დღეს ბილიკი სათხილამურო კურორტ თეთნულდზე აგიყვანთ. ცოტახანი მოგიწევთ სანამქანე გზაზე სიარული, თუმცა მალევე ბილიკზე დადგებით და დაეშვებით სოფელ ადიშში. სოფელი ადიში ულამაზესი სოფელია, რომელიც მთის ფერდობზეა შეფენილი. ღამისთევა აქაც, ისევე როგორც პირველ დღეს შესაძლებელია კარავსა და საოჯახო სასტუმროში.
3 დღე: ადიში-ხალდეჭალა
ბილიკი მიუყვება ადიშის წყალის ხეობას. მყინვართან ახლოს კვეთს ადიშის წყალს, ადის ადიშისწყალისა და ხალდეჭალის გამყოფ ხედზე და ჩხუნდერის უღელტეხილის გავლით ეშვება ხალდეჭალაში. ხეობაში ჩასვლის შემდგომ ბილიკას მაღლა მიუყვება და მიდიხართ საბანაკე ადგილამდე სადაც მოგიწევთ ღამისთევა.
4 დღე: ხალდეჭალა - უშგული
მეოთხე დღეს ბილიკი აღმოსავლეთით მიემართება, ადის ხალდეჭალისა და ენგურის გამყოფ ქედზე, საიდანაც ენგურის ხეობის გავლით ჩახვალთ უშგულში.
რა ჩავიცვათ:
გაითვალისწინეთ რომ, მიუხედავად ზაფხულისა, მთაში შესაძლოა იწვიმოს და აგრილდეს. თან იქონიეთ თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი და სალაშქრო აღჭურვილობა. აუცილებელია ფეხზე გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი, რადგანაც ფეხით გაქვთ 50 კმ გასავლელი.
როდის ვილაშქროთ?
რეკომენდირებული პერიოდია ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის შუა რიცხვები. თუმცა ბილიკზე სალაშქრო სეზონის გახსნა დამოკიდებულია თოვლის საფარის დადნობაზე.