დაბა ლენტეხი - მთა გოლდაში - სოფელი საყდარი ორ დღიანი საშუალო სირთულის ულამაზესი სალაშქრო მარშრუტია თუმცა თუ ლაშქრობას დაბა ლენტეხიდან დილით ადრე დაიწყებთ და არც გამოწვევებს შეუშინდებით მისი დალაშქვრა ერთ დღეშიც შესაძლებელია. ბილიკი მარკირებულია, მარშრუტის სიგრძე 25 კილომეტრს შეადგენს და მის გასავლელად დაახლოებით თერთმეტი საათია საჭირო.

დღე 1.

საფეხმავლო მარშრუტი იწყება დაბა ლენტეხის ცენტრში და მ.ხერგიანის ქუჩის გავლით ჩრდილოეთით მთა გოლდაშისაკენ გრძელდება,ქედი რომელსაც მიუყვება საფეხმავლო ბილიკი შერეული ტყის საფარითაა დაფარული, 7 კილომეტრის გავლის შემდეგ კი ალპური მდელოებით გრძელდება საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება სამხრეთის მიმართულებით მდ. ცხენისწყლის ხეობაზე და ჩრდილოეთით - კავკასიონის მწვერვალებზე. ამის შემდეგ ბილიკი ზღვის დონიდან 2840 მ-ზე მდებარე მთა გოლდაშზე ადის, საიდანაც 360-გრადუსიანი შთამბეჭდავი პანორამაა. მთის ძირში პატარა ტბაა მის მიმდებარედ კი იდეალური ადგილია საბანაკედ და ღამის გასათევად.

დღე 2.

 მეორე დღე შედარებით მარტივია რადგან გასავლელი მანძილის უდიდესი ნაწილი დაღმართია. ტბიდან ბილიკი სამხრეთ - აღმოსავლეთით მდებარე ქედისკენ ეშვება გაივლის ულამაზეს ტყის მასივებს სადაც ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყის კორომები, საბოლოოდ ბილიკი ჩოლურის თემის სოფელ საყდარში ჩადის ეს სოფელი ცხენისწლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1110 მეტრზე მდებარეობს.


დაამატე შეფასება

Please login to add a review