თუ სვანეთში საშუალო სირთულის სალაშქრო მარშრუტს ეძებ პანორამული ხედებით, მაშინ ეს მარშრუტი შენთვისაა!
სალაშქრო ბილიკი ნაკრა-უთვირი-ჭუბერი არის 2 დღიანი მარშრუტი. ჯამში, ფეხით გასავლელი მანძილი შეადგენს 30 კმ-ილომეტრს. მარშრუტის გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით ასევე ცხენით. ბილიკის ცხენით გასავლელად დაგჭირდებათ 1 დღე. სალაშქრო ბილიკი მარკირებულია და სალაშქროდ რეკომენდირებული პერიოდია მაისი-ოქტომბერი.
დღე 1
ბილიკი იწყება სოფელ ნაკრაში მდ. ნაკრას მარჯვენა ნაპირზე. დაახლოებთ 1,5 კილომეტრის გავლის შემდეგ ყვითელ ნიშნულთან ბილიკი გადადის მდინარე უთვირის ხეობაში და მიუყვება მდინარეს. ბილიკიდან იშლება ლამაზი ხედები. ჯამში 9 კილომეტრის გავლის შემდეგ შეგხვდებათ საზაფხულო სადგომები და ქოხები. სწორედ აქ არის საუკეთესო საბანაკე ადგილი ბილიკზე.
დღე 2
მეორე დღეს ბილიკი მიუყვება ალპურ ზონას. ქოხებიდან ოდნავ მოშორებით გადაკვეთთ მდინარე უთვირს და აქედან 4 კილომეტრში ბილიკი ადის უთვირის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან 300 მეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით არის გადასახვევი უთვირის ტბისკენ. გადასახვევიდან ტბამდე არის 600 მეტრი. უღელტეხილიდან დაახლოვებით 3 კილომეტრში, დასავლეთით, გვხვდება მწყემსების საზაფხულო ქოხი. ქოხიდან ბილიკი ეშვება მდინარე მარხის ხეობაში და მიდის სოფელ ზედა მარღში და შემდეგ კვეთს მდინარე ღვაშხარას და ჩადის სოფელ ქვემო მარღში. ბილიკი მთავრდება სოფელ ქვემო მარღში ხიდთან. ჯამში მეორე დღეს გასავლელი გაქვთ 21 კილომეტრი.