მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
28 აგვისტოს საქართველოში მარიამობა აღინიშნება, რაც ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს უკავშირდება. დღესასწაულის ტრადიცია განსაკუთრებულია სვანეთში. მარიამობას სვანები ლიმრიეობას უწოდებენ და მას ლიმრიეს ეკლესიაში, უშგულის თემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას აღნიშნავენ. დღეს ტაძარი მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენს.
ძველად ლიმრიეს, როგორც სვანური ქალღვთაების დღეობები, ახალ წელსა და ადრესაგაზაფხულო პერიოდში აღინიშნებოდა ხოლმე. მის სახელზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლიმრიეს კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგალითად, შუშხვამის ღამეს - ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებრ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერიის თავზე ეკიდა.
ლიმრიეს სახელობის იყო საგაზაფხულო დღეობა - ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე და ლიმრიეს სწირავდნენ. გარდა ამისა დროშა ლემი, ანუ ლომი, ერთი ვერსიით სვანებს სწორედ ლიმრიემ, იგივე დიდმა დედამ აჩუქა, რომლის ატრიბუტიც ეს ცხოველიც იყო.
დღესაც, ტრადიციულად, სვანეთში მარიამობის დღესასწაულზე ადგილობრივებთან ერთად უამრავი ადამიანი იყრის თავს. მართალია, ლიმრიეობა ძველებურად აღარ აღინიშნება, თუმცა უშგულის ტაძრის მოლოცვა, ცეკვა-სიმღერა და სუფრაზე მოლხენა ლიმრიეობის აუცილებელი ატრიბუტებია.
ადრე ლიმრიე მარცვლეულის, ნაყოფიერების, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველ სვანურ ქალღვთაებას უწოდებდნენ. მისი კულტი ძველი აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმშობლის კულტის შერწყმის შედეგად აღმოცენდა. შემდეგ, ქრისტიანობის გავლენით, ქალღვთაების ძველი სახელი გაქრა და მარიამის სახელით შეიცვალა. ამ დროს ლიმრიეს დედობის მფარველის სტატუსიც შეიძინა, თუმცა მთავარი ფუნქცია მაინც მარცვლეულის ბარაქიანობაა. სვანების წარმოდგენით, ლიმრიეს ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა.
უშგულის ლიმრიე მაღალი კულტურული - ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლია. იგი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა და სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს.
ეკლესია სოფლის გარეთ არის აშენებული, ირგვლივ ზღუდე შემოვლებული და გამაგრებული კოშკით. იგი IX-X საუკუნეების ბაზილიკის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, სამწახნაგა, გარეთ გამოსული აფსიდით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ეკვდერს კი - სამხრეთ-დასავლეთიდან. კანკელი ქვისაა, რომლის ქვისავე სვეტებზე დაყრდნობილი კამარები იატაკიდან იწყება და შემკობილია სადა სვეტისთავებით. კამარებში მოთავსებულია ხატები.
ეკლესიაში მოხატულობის რამდენიმე ფენაა შემორჩენილი. თავდაპირველად, ეკლესიის აშენებისთანავე მხოლოდ კანკელი მოხატეს. X ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისში კი, ინტერიერის სიუჟეტური გამოსახულებები დაემატა, რომლის ფრაგმენტებიც მხატვრობის გვიანდელი ფენების ქვეშ მოჩანს. აღსანიშნავია ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია, სადაც ფიგურათა ჟესტიკულაციის ხაზგასმის მიზნით გადიდებულია მათი ხელის მტევნები. ექსპრესიულია სახეებიც, რომელთა ნაკვთებში უკვე ვლინდება სვანეთის მხატვრობისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ტიპაჟი.
მხატვრობის შემდეგი ფენა XII საუკუნისაა. ამ ეტაპს მიეკუთვნება დასავლეთის კედელზე წარმოდგენილი ცხენოსან წმინდა მეომართა, გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები. უკანასკნელად ეკლესია XIII ს.-ში მოუხატავთ. ამ პერიოდისაა აფსიდის მოხატულობა. კონქში წარმოდგენილია სვანეთისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიცია. საკურთხევლის კედელზე ეკლესიის მამებია გამოსახული, თავად ეკლესიის ცაში კი - შობა და ფერისცვალება. ასევე საყურადრებოა ისტორიული მნიშვნელობის ნაკაწრი წარწერები, რომლებიც ეკლესიაში მისული მლოცველების მიერაა ამოკაწრული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. წარწერები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულითა და მხედრულით.
მოხატულობის დათვალიერებისას, აღსანიშნავია ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია. ფიგურები განსაკუთრებული ექსპრესიულობით გამოირჩევიან. კერძოდ, მათი ჟესტიკულაცია და სახეთა ნაკვთები, რომლებიც სვანეთის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტრადიციული იკონოგრაფიისგან განსხვავებით, კომპოზიციაში ღვთისმშობლის გამოსახულებაზე მას ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული, რითიც მწუხარების ჟესტს გამოხატავს. სვანური ყოველდღიურობიდან აღებული მსგავსი დეტალები სხვა კულტურულ ძეგლებშიც შეგხვდებათ.
Please login to add a review