მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
14 თებერვალს მესტიაში ლამპრობის დღესასწაული აღინიშნა.
ლამპრობა ხალხური დღესასწაულია მირქმის აღსანიშნავად, რომელიც სვანებმა ლამპრობის სახელით დღემდე შემოინახეს, სიტყვა ლამპარი ნათელს, სითბოს ნიშნავს, ლამპრის კონა ხისგან მზადდება. სვანეთში არყის ხეს წმინდა ხესაც უწოდებენ.
ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.
რიტუალის ატრიბუტიკა
არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.
რატომ არყის ხე? თქმულების თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ. ბოროტმოქმედებისგან ის გზაზე მდგარმა არყის ხემ დაიცვა, ტოტები ჩამოუშვა და მაცხოვარი შეიფარა. ქრისტემ ხე დალოცა და აღუთქვა, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენილებლად გამოიყენებდნენ.
ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი წმინდანის სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.
ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.
ტრადიციულად ადგილობრივები და დაინტერესებული სტუმრები შებინდებისას ლამპრების დასანთებად საფლავებზე გავიდნენ, შემდეგ კი სვანეთის დმო-ს ორგანიზებით, მესტიის სათავგადასავლო პარკში ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ პერფორმანსს დაესწრნენ.
ადგილზე მოსული სტუმრები ასევე გაეცნენ სვანურ ფოლკლორსა და აღნიშნულ დღესასწაულზე არსებულ გადმოცემებს.