თუ კი ქვემო სვანეთში მოგზაურობ და ულამაზეს მთებში ლაშქრობასთან ერთად ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერებაც გიტაცებს ლაშხეთის თემს აუცილებლად უნდა ესტუმრო. თემი 61 დიდი თუ მცირე სოფლისგან შედგება რომლებშიც მარგალიტებივითაა გაბნეული საუკუნეების წინ ნაშენები ციხე კოშკები თუ ეკლესიები.  

X-XI საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია აღმოსავლეთით შვიდწახნაგა შვერილი აბსიდით. შენობის ასაგებად ძირითადად გამოყენებულია შირიმის ქვა, დუღაბად კირისა და ქვიშის ნარევი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აბსიდის ლუწ წახნაგებში თაღოვანი სარკმლებია. ჩრდილოეთიდან კედელს დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გასდევს თარო. სამხრეთი კედელი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კარი არქიტრავული. დასავლეთის კარის თავზე ტიმპანი ნახევარწრიული წარბით სრულდება. ეკლესია დასრულებულია მარტივი ლავგარდნით.
დასავლეთიდან მიდგმული აქვს გვიანი პერიოდის სწორკუთხა კარიბჭე, რომლის მეორე სართულში მოწყობილი იყო სამრეკლო (ამჟამად სამრეკლო მოხსნილია). კარიბჭეს დასავლეთ კედელში თაღოვანი კარები აქვს, დანარჩენი კედლები ყრუა. აბსიდა ნახევარწრიულია სამი თაღოვანი სარკმლით, რომელთა კიდეებში ორ-ორი თაღოვანი ნიშაა. ამ ნიშების ქვემოთ, იატაკის დონეზე ორი თაღოვანი ნიშაა. კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აბსიდის წინ ქვის კანკელია. აბსიდს მაღალი შუბლი აქვს, რომლის თავზეც ტრიუმფალური თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის კონქი იმპოსტებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლიდანაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გადადის. პილასტრებიდან გრძივ კედლებზე თაღედები გადადის. სამხრეთი კედლის დასავლეთი თაღი აღმოსავლეთით დაკიდულია. თაღით სრულდება დასავლეთის კედელიც.
დარბაზში დგას ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც ხის ჯვარია აღმართული. კვარცხლბეკი ორნამენტულია, თავზე ხელის ორი მტევანია გამოსახული, ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე ნუსხური ორი წარწერაა.
ეკლესია მოხატულია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობით (შუბლის მხატვრობის ქვეშ ადრეული ფენა ჩანს). ორი მხატვრის ნამუშევარი უნდა იყოს. კონქსა და აბსიდის შუბლზე დეისუსია; საკურთხევლის კედლებზე - წმ. ბასილი და ნიკოლოზი; კამარაზე - მზე და მთვარე ვარსკვლავებით, შობა, იერუსალიმში შესვლა; ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ თაღში - ქვედა რეგისტში წმინდა დედები, ზედა რეგისტრში - ჯოჯოხეთით წარტყვევნა; დასავლეთის თაღში - ქვედა რეგისტრში წმ. გიორგის სასწაული, ზედა რეგისტრში ამაღლება; სამხრეთის კედლის აღმოსავლეთის თაღში - ქვედა რეგისტში ევსტათი პლაკიდას ირემზე ნადირობა, ზედა რეგისტრში - ხარება; დასავლეთის თაღში - ქვედა რეგისტში ფარშევანგი, ზედა რეგისტრში ჯვარცმა; დასავლეთის კედელზე - სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ მირქმა, ქვედა რეგისტრში ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ჩვილი იესოთი და ჯოჯოხეთის სცენა; კანკელზე - ანგელოზები, იოანეს თავისკვეთა და გამოცხადება.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ჩიხარეშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია — მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში. “ოქონ დაბიში “ ყიფიანების სახელობის ეკლესია ყოფილა. დათარიღებულია განვითარებული შუა საუკუნეებით XVI-XVII საუკუნეები.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია თხელი ფიქლის ჰორიზონტალური ქვით, შირიმის ქვის ჩანართებით, რაც ნაკაწრისებულ ფაქტურას აძლევს ფასადებს. დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი.

ეკლესიის მცირე შიდა სივრცე, რომელიც "გაჭედილია" კედლებზე ადამიანის სიმაღლეზე დახატული ფიგურებით, აღმოსავლეთიდან რკალური აფსიდით სრულდება. მის წინ სამთაღიანი მოხატული კანკელია აღმართული, აქეთ-იქით ხის ჯვრებით. კამარას ცენტრალური და დასავლეთის შეკიდული განიერი თაღები იმაგრებს. ფასადებზე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკმლების თავზე თლილი ქვაა ჩასმული რელიეფური მარტივი ჯვრებით. დასავლეთის ერთადერთი კარის თავზეც, ცრუ ტიმპანის ზედაპირზე რელიეფური ჯვარია დასმული. ეკლესია ძველ ფილაქანზე დაფენილი ყავრითაა დაბურული.

ეკლესია მთლიანადაა მოხატული, ფერწერითაა შემკული კანკელიცა და ტრაპეზიც. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღმრთისმშობელი დიდებითა ექვსფრთედებით, აფსიდის შუაში, ტრაპეზის თავზე - "ხატი მიძინებისა", მის აქეთ-იქით წმინდა მღვდელმთავარნი და წმინდა სტეფანე დიაკონი. სარკმლის წირთხლებზე - წმ. იოაკიმე და ანა; კამარის ჩრდილოეთ კალთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - ამაღლება და გველეშაპის განმგმირავი წმ. გიორგია გამოხატული; სამხრეთის ფერდზე ღმრთისმშობლის მიძინება და ჯვარცმა. დასავლეთის კედელზე პირველ რეგისტრზე ნათლისღება და ფერისცვალებაა, მეორეზე კი ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლის მეორე რეგისტრზე ქტიტორთა, ღიბიანთა (ყიფიანთა) ოჯახის წევრთა გამოსახულებებია. შეკიდულ პილასტრებზე წმ. მოწამეთა გამოსახულებებია. კარის წირთხლებში წმ. ონოფრე და საბა. სამთაღიან კანკელზე, პირველ რეგისტრზე აღსავლის კარის აქეთ-იქით მოციქულები პეტრე და პავლე და მრავალფრთედები. მეორე რეგისტრზე, სვეტებზე - წმ. მოწამენია, მესამე რეგისტრზე ზღუდეზე - აბრაამის მსხვერპლი. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, კედელს მიდგმულ ტრაპეზზე - გოლგოთაზე აღმართული განედლებული ჯვარი ვნების იარაღებითურთ.

მოხატულობაში გაირჩევა სამი ხელი. პირველი (კონქის მოხატულობა) XVII ს. პროფესიული ნაკადის ნიშნებითაა აღბეჭდილი. მეორე (აფსიდის მოხატულობა, საუფლო სცენები, კანკელის მოხატულობა) - XVII ს. მინიატურებთან ძლიერი სიახლოვით; მესამე (ქტიტორები, კარის წირთხლის ფიგურები) - "ხალხურ" ნაკადთან კავშირით და ახლებური დაზგურობის ნიშნებით. პირველი და მეორე ოსტატის ნამუშაკევი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ჩუკულის ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობასთან.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.


“მუჩბა-ლანშაშის” მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფ.ჩუკულში,ამაღლებულ ადგილზე. აშენებულია IX საუკუნეში. მოსახლეობის გადმოცემით ეკლესია XVIII ს-დან მიუტოვებიათ.

ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას და დგას დახრილ რელიეფზე. რელიეფი დახრილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 30-350-ით. შენობის ასაგებად ძირითადად გამოყენებულია ფლეთილი ქვა და შემოსილია შირიმის ქვის პერანგით. დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. ცოკოლი აგებულია ფიქალისა და ფლეთილი ქვის მასიური ლოდებით დუღაბის ხსნარზე. კედლების ზედა მონაკვეთები და თაღედი მთლიანად მოშლილია.

ეკლესიაში შესასვლელი კარი მდებარეობს სამხრეთ კედელში. ამავე კედელზე დატანილია ერთი სარკმელი. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელზეც თითო სარკმელია დატანილი. ეკლესია სავარაუდოდ გადახურული იყო ლორფინით, თუმცა მისი ფრაგმენტები ვერ დაფიქსირდა. ინტრიერში შეიმჩნევა კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია საფეხუროვანი პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობოდა საბჯენი თაღები. ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაიხურა თუნუქით. ინტერიერში გაკეთდა ხის ჭერი და დაიგო ხის იატაკი.


მე-10-15 საუკუნების ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, რომლის ასაგებად გამოყენებულია შირიმის ქვა, ხოლო დუღაბად კირისა და ქვიშის ნარევი. კედლების ზედა მონაკვეთები შენარჩუნებულია, ხოლო თაღედი მთლიანად მოშლილია.

ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელზე დატანილია ერთი სარკმელი. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკლესია გადაიხურა თუნუქით ხის კონსტრუქციაზე.

სასაშის მთავარანგელოზის ეკლესიაში ინახებოდა ფარი, რომელიც განსაკუთრებული ფორმის გამო ყოველთვის იპყრობდა მნახველის ყურადღებას. აღნიშნული ფარი 1925 წელს აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ სვანეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩაიტანა. ეკლესიაში შენახულ ფარში ისარი იყო ჩასობილი, რაც ძველი სვანური ტრადიციის კვალია, როდესაც დღესასწაულებზე ეკლესიიდან გამოჰქონდათ შეწირული ფარები და მიზანში ესროდნენ. ისარი იმ ეპოქაზე მიუთითებს, როდესაც მშვილდი ცეცხლსასროლ იარაღზე უფრო პოპულარული იყო. ფარის ხის საფუძველზე მოყავისფრო ფერის ტყავია გადაკრული.ფარის ცენტრიდან სხივებად 19 წვრილი ზოლი გამოდის, რომლებიც კომპოზიციურად მზის სახეს ქმნიან.

"...2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სასაშის მთავარანგელოზის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.


განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ("ჯგრაგი") ასაგებად ძირითადად გამოყენებულია შირიმის ქვა. დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი, ნაგებობა გადახურულია თუნუქით. ეკლესიაში შესასვლელი კარები მოწყობილია დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე მოწყობილია სარკმელები. იატაკი მოპირკეთებულია ქვის ფილებით. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია საფეხუროვანი პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები.

ინტერიერი შელესილია და დაფარულია კედლის მხატვრობით. აღმოსავლეთ ფასადზე ალაგ-ალაგ შემორჩენილია ნალესობა, რომელზეც მოწითალო ფერი განირჩევა. შესაძლოა, ეკლესიაში ფასადური მხატვრობა ყოფილიყო.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.


სოფ.ლეკოსანდში მდებარეობს მაცხოვრის სახელობის ეკლესია“მაცხვარ-მაულდიში”. თარიღდება VIII საუკუნით.მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია თხელი ფიქალის ჰორიზონტალური ქვით, დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვისის ნარევი. მეოცე საუკუნეში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკლესია გადაიხურა თუნუქით ხის კონსტრუქციაზე.

დაამატე შეფასება

Please login to add a review