მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
სვანეთი ცნობილია თავისი სილამაზით, უძველესი ტრადიციებითა და გამორჩეული არქიტექტურული მემკვიდრეობით, ჩოლურის თემი კი რეგიონის უნიკალური ხასიათის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩოლური სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 12 სოფელს მოიცავს, ესენია: დურაში, საყდარი, შტვილი, ბულეში, ჭველიერი, თეკალი, მუწდი, მამი, ლეუშერი, ფანაგა, ჭველფი, ტვიბი. თემი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით ,ადგილზე შეხვდებით ისტორიულ კოშკებსა და ტაძრებს რომელთა უმრავლესობაც შუა საუკუნეებშია აგებული.
საყდრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ჯგრაგ)
საყდრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში მდებარეობს. ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა და თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.
წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, მის ასაგებად გამოყენებულია შირიმის ქვა, იატაკი მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. ეკლესია მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება (ვრცელი რედაქცია), აფსიდში - მსხვერპლის თაყვანისცემა, კამარის სამხრეთის ფერდზე - შობა, მირქმა, ჩრდილოეთის ფერდზე - ხარება, ნათლისღება, სამხრეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება, მეორე რეგისტრზე: წმ. ბარბარე და წმ. მარინე, წმ. თევდორე, ამაღლების კომპოზიციის ნაწილი. მესამე რეგისტრზე: წმ. მეომრის ორ-ორი ნახევარფიგურა, წმ. მარიამ მეგვიპტელი (დასავლეთის თაღი). ჩრდილოეთ კედელზე - პირელ რეგისტრზე: იერუსალიმში დიდებით შესვლა, მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან, მეორე რეგისტრზე; ლასია ქალაქის სასწაული, წმ. გიორგი აღმოსავლეთის თაღში, მესამე რეგისტრზე საქტიტორო გამოსახულებებია; დასავლეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე სულიწმიდის მოფენა, მეორე რეგისტრზე - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და ჯვარცმა, მესამე რეგისტრზე, კარის აქეთ-იქით ქტიტორები.
გადმოცემით, სოფელ საყდრის ეკლესია გვიდიანების გვარს აუშენებია. მშენებლობის დროს ეკლესია ორჯერ დარღვეულა. მესამე მშენებლობის დროს კალატოზს ბავშვისთვის ქუდი მოუხდია და საძირკველში ჩაუგდია. მერე უთქვამს, - ჩადი და ამოიტანეო. როცა ბავშვი საძირკვლის ჭრილში ჩამხტარა, თავზე ქვები დაუწყვიათ და კედელი ამოუყვანიათ.
ეკლესიის მშენებლისთვის მარჯვენა ხელი მოუკვეთიათ საძირკველში ბავშვის ჩაყოლებისთვის. იმავე გადმოცემით, ამ კალატოზს მარცხენა ხელით თეკალის ეკლესია აუგია.
მუწდის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ( თარიგზელ )
მდებარეობს ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდიში. ეკლესია ერთნავიანი დარბაზული ნაგებობაა და თარიღდება XIII საუკუნით.
აგებულია შირიმის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკები.
გარედან გალესილია ცემენტით და შეთეთრებულია. გადახურულია თუნუქით.
ტვიბის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ( თარიგზელ )
ტაძარი მდებარეობს ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში. დარბაზული, მცირე ზომის ეკლესია სოფლიდან 900-1000 მ-ზე, ტყიან მთაზე დგას. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ტაძარი აგებულია შირიმის ქვით, კედლები გადმობურცულია, კამარა ჩამონგრეული, რის გამოც გარედან ხის მჭიდებით შეუკრავთ, კედლებზე დაყრდნობილ კონსტრუქციაზე კი თუნუქის გადახურვა მოუწყვიათ. მცირე, უპილასტრო დარბაზული სივრცე აღმოსავლეთიდან განიერმხრებიანი მობრტყელო აბსიდით სრულდება, რომლის წინ კანკელი იყო აღმართული (შემორჩენილია თაღთა დასაწყისები გრძივ კედლებზე) - ცენტრში სამსაფეხურიანი კიბით, აქეთ-იქით კი ხის ჯვრებით. მათზე დარჩენილი ლურსმნები ლითონის მოჭედილობის არსებობას ცხადყოფს. ტაძრის როგორც ინტერიერი ასევე ფასადებიც მთლიანად მოხატული იყო. ჩრდილოეთ ფასადზე დღემდეა დარჩენილი დიდი გველეშაპის მკრთალი გამოსახულება.
საკურთხევლის კონქში გამოსახულია გავრცობილი ვედრება, აფსიდში მეტ-ნაკლებად კარგად ორი წმ. მღვდელმთავრის ფიგურა ჩანს (შუაში და სამხრეთის მხარეს). კამარის ჩრდილო ფერდზე - აღმოსავლეთით ხარების, დასავლეთით ნათლისღების, სამხრეთის ფერდზე კი აღმოსავლეთით შობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ჩრდილოეთის კედელზე, აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ ცხენოსანი წმ. გიორგი და ქტიტორებია, სამხრეთის კედელზე გველეშაპის განმგმირავი ცხენოსანი წმ. თევდორე და წმ. დედები. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრზე - ლაზარეს აღდგინება, მეორე რეგისტრზე, შუაში მთავარანგელოზის ნახევარფიგურა, აქეთ-იქით კი თითო-თითო ქტიტორი. იგი გარკვეულად უახლოვდება ზემო სვანეთის XIII ს-ის მაარქაიზებელ მოხატულობებს. აფსიდში ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გვიანი გადაწერის კვალია. მოხატულობის კვალი დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზედაც გაირჩევა. მხატვრობა საკმაოდ ფრაგმენტულია, ბევრგან ბათქაშიანად არის ჩამოცვენილი ან ფერია ჩამოშლილი.
მამის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
მამის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მამში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით და პასტოფორიუმებით. დარბაზის გრძივი კედლები საფეხუროვანი პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც კამარის საბჯენი და დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია, ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. სარკმლები გაჭრილია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში. ჩრდილოეთის ფასადი სრულიად სადაა, დანარჩენი სამი მხარე კი თაღედებითაა დეკორირებული. ტაძრის ფასადები შეთეთრებულია. შესასვლელი ერთია - დასავლეთიდან. სწორკუთხა შესასვლელის თავზე თაღოვანი, მოურთველი ტიმპანია. ეკლესია აზიდული პროპორციებით ხასიათდება. ტაძარი ნაგებია სუფთად თლილი შირიმის ქვით.
Please login to add a review