მესტია სვანეთის ის ნაწილია, რომელსაც ყოველწლიურად ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აქაური ბუნება გამორჩეულია, ცაში აზიდული მწვერვალები, ალპური ტბები, ჩანჩქრები და მწევრვალებზე ჩაფენილი სოფლები თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება.

მესტია მდიდარია მრავალი კულტურული მემკვიდრეობით. თუმცა, ამ ადგილის უნიკალურობა მაინც სვანური კოშკებია. მესტიაში მკვიდრ ყველა გვარს საკუთარი კოშკი აქვს. ძველად, სვანეთში მათ საცხოვრებელი სახლების - მაჩუბების გვერდით აშენებდნენ და როგორც საცხოვრებლად, ისე მტრისგან თავდასაცავად იყენებდნენ. დღეს ისინი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია და იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლებს წარმოადგენს.

სვანური კოშკის მონახულება მესტიაში, მარგიანის სახლ-მუზეუმში შეგიძლია. იგი მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ლანჩვანში მდებარეობს და სვანეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

მარგიანების სახლ-მუზეუმი მესტიაში ძველი სვანური საცხოვრებელი კომპლექსია და იგი მარგიანების გვარს ეკუთვნის. კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელს სახლს მთელი თავისი აღჭურვილობით, კოშკს, მარანს, სარდაფს, დილეგებსა და სხვა.

მუზეუმის გარდა, მარგიანებს ასევე ეკუთნოდათ 8 კოშკი, საიდანაც მხოლოდ 4 მათგანია შემორჩენილი. კოშკების სიმაღლე და რაოდენობა გვარის ძალაუფლებაზე მეტყველებს.

საგვარეულო კოშკი

მარგიანების საგვარეულო კოშკი მუზეუმის ნაწილია და დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. იგი შედგება რამდენიმე სართულისაგან და თითოეულ სართულზე სხვადასხვა დანიშნულების ოთახებია. ერთ-ერთ ოთახში არის საკუჭნაო, სადაც მარცვლეული და სურსათ-სანოვაგე ინახებოდა სპეციალურ ყუთებში. სახლს აქვს დიდი სარდაფი, სადაც განთავსებულია მარანი. აქ ინახება არყის დოქები და ღვინის ქვევრები, თიხის ქოთნები თაფლის შესანახად.

კოშკის მისაღებ ოთახში დგას ,,სამეფო“ ტახტი, რომელზე დაჯდომის უფლებაც ოჯახის უფროსის გარდა არავის ჰქონდა. სტუმრებისთვის კი ტახტზე დაჯდომის შეთავაზება დიდ პატივად ითვლებოდა.

კოშკის მონახულების შემდეგ შეგიძლია სახურავზე ასვლა და მესტიის ხედებით ტკბობა.


რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review