ზემო სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი მხარეა. როგორც სვანეთის მთლიანი რეგიონი, ეს მხარეც მდიდარი ბუნებით გამოირჩევა და უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლებითაა დატვირთული. აქ ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სალოცავსაც ნახავ, რისთვისაც მხერის მთის დასალაშქრად უნდა წახვიდე. ზემო სვანეთი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას ჯვრიდან უშგულამდე. ბალზემოთ ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, მუჟალის, იფარის, კალასა და უშგულის თემებია.

ზემო სვანეთის თემებიდან აღსანიშნავია ლატალის თემი, რომელიც 10 სოფელს აერთიანებს და ტაძრებისა და სიწმინდეების სიმრავლით გამოირჩევა. აქ შუა საუკუნეებში აგებული და მოხატული 60-ზე მეტი ეკლესიაა. მათ შორისაა: იენაში (თემის ცენტრი), მაცხვარიში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი და სხვა.

მოგზაურებისთვის ლატალის დათვალიერება ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული ძეგლებით არ მთავრდება. თუ ივლისში დაგეგმე წასვლა,

თვის ბოლო ორშაბათს აქ ტრადიციული დღესასწაული ‘’ლატალობა’’ აღინიშნება. ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება, შემდეგ კი დღესასწაულის სტუმრებისთვის სვანური სიმღერები სრულდება, ადგილობრივი კერძები მზადდება და სვანური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხვარიშში მდებარეობს.

ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი X-XI-საუკუნეში აშენდა. ტაძრის სახელს უკავშირდება უბნის სახელი ,,მაცხვარიში". ფრესკული წარწერების საფუძველზე გაარკვევ რომ ტაძარი დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს,1140 წელს მოიხატა: ,,მოიხატა საყდარი ესე მეფისა დემეტრესა წელსა (იე)ხელთა მიქაელ მაღლაკელისათა."

ტაძრის მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს – დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის ცერემონიალს. ეს მხატვრობას~ კომპოზიციის თვალსაზრისით უნიკალურია. ფრესკაზე მეფე დემეტრეს ხმლით მოსავს ორი ერისთავი, მათგან ერთ-ერთი დიდებული, სვანთა ერისთავი-ვარდანისძეა. თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ტაძარში დაცულია მრავალი, უძველესი ჭედური თუ ფერწერული ხატ-ჯვარი. მათ შორის მეთორმეტე საუკუნის ვერცხლის ჯვარი-ტიხრული მინანქრით და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული. რომელიც ითვლება ბიზანტიური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად.

ტაძარში მინაშენის კართან ბერის სამოსში გამოსახულია კვირიკე მამასახლისი, გვერდით შესრულებულ ვრცელ წარწერაში ვკითხულობთ მის ანდერძს: “ვინც ამ ეკლესიის მამასახლისი იყოს კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დაიკლოს.” ეკლესია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ლატალის წმინდა გიორგის ტაძარი

სვანეთის სოფელ ლატალში წმინდა გიორგის ეკლესია (ჯგრაგის) შეგიძლია მოილოცო. მის აგებასთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ამაღლებულ ადგილზე მთავარანგელოზისა (თარანგლეზის) და მაცხოვრის (მაცხვარიშის) ეკლესიებს შორის უნდა აეშენებინათ ეკლესია. თუმცა, ბოლოს გადაწყვიტეს, გაეშვათ უღელდაუდგმელი მოზვრები და, სადაც ისინი გაჩერდებოდნენ, იქ აეშენებინათ. იარეს მოზვრებმა და ერთი კილომეტრის დაშორებით ტყიან მთაზე იმ ორ ეკლესიას შორის შედგნენ. სწორეთ ამ ადგილზე ააშენეს ეკლესია წმ. გიორგის სახელზე, რომელიც დღემდე ურყევად დგას და ლატალის თემის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი

ტაძარი სოფელ იენაშში მდებარეობს და XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ეს ამ წმინდანის სახელობის ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში.

იონა წინასწარმეტყველის ტაძრის საგანძურში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის მოზრდილი ხატი. მაცხოვარი გამოსახულია მაკურთხეველი მარჯვენით, სახარებით ხელში. ხატი მთლიანად ოქროცურვილი ვერცხლით არის მოჭედილი, საღებავით მხოლოდ მაცხოვრის სახეა შესრულებული, რომლისაც კონტურიღა შემორჩა. ჩარჩოს ქვედა ზოლზე შესრულებულია სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც დაზიანებულია და ეკლესიაში მომხდარ ხანძარსა და ეკლესიის საგანძურის ბედზე მოგვითხრობს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვიპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული... რათა შენივე შენდა შევსწიროთ..." წარწერა, ხატის ჩარჩო და მაცხოვრის შარავანდედი ხატის პოვნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული.

არქიტექტურა

იონა წინასწარმეტყველის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. ტაძრის შიდა სივრცე ერთი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. პილასტრის წინა საფეხურს კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა, უკანა საფეხურიდან კი თაღები გრძივ კედლებზე გადადის. ინტერიერი საკურთევლისა და დასავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. მინაშენის კამარა ერთი მხრივ გარე კედელს, მეორეს მხრივ კი ეკლესიის კედელს გაყოლებულ თაღნარს ეყრდნობა.

ტაძრის ფასადები სრულიად სადაა, მორთულობა მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კარკმლებს აქვს. აღმოსავლეთის სარკმელს თაღოვანი, ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. მის ზემოთ, ფრონტონის ცენტრში, გადანაკეცებიანი თავსართია. დასავლეთის საკმლის საპირე სწორკუთხა ფორმისაა, მის თავზე კი ჯვრის გამოსახულებაა. გალერეის ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთი კარის თავზე და სარკმლის ორივე მხარეს გვხვდება ჯვრები. სამხრეთი და აღმოსავლეთი ფასადები თაღედითაა დეკორირებული.

რაც შეეხება ეკლესიის ინტერიერს, იგი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა ფრესკები ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ნაგებობა ლილვოვან ცოკოლზე დგას. ეკლესიის ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს, მინაშენისას კი ლილვის, წრეთარგისა და თაროსგან შექმნილი. ეკლესია ნაგებია შირიმის სუფთად თლილი კვადრებით.

მთავარანგელოზთა ეკლესია

ლახუშტის თემიდან სამიოდე კილომეტრზე, მთავარანგელოზთა პატარა ეკლესიას შეხვდებით, რომელსაც თანღილ-თარინგზელს უწოდებენ. თანღილი სვანურად უღელტეხილს ნიშნავს. ამ უღელტეხილით ორი სოფელი ერთმანეთს უკავშირდება.

ტაძრის მოხატულობა IX-X საუკუნით თარიღდება. მთა, სადაც ეს სალოცავი დგას, ძველად წმინდა ადგილად ითვლებოდა. შემდეგ აქ ორი სენაკი აშენდა: ერთი - მეუფისთვის, მეორე - მორჩილთათვის, რომელიც ტაძრის მრევლისა და სოფლის მხარდაჭერით გაკეთდა.


რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review